შსს-მ ანტირუსულ აქციებზე პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანებისთვის 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტირუსული აქციების დროს პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს. აღნიშნული პირები 8-9 მაისს დააკავეს, მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

განცხადება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა გააკეთა. მას არ უსაუბრია გუშინ სამ ადამიანზე თავდასხმაზე, რომელთაგან ორი კლინიკაში რჩება. თამაზაშვილმა ბრიფინგის შემდეგ მედიის კითხვებს არ უპასუხა.

,,აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგანს, მათ შორის ბოთლებს, ქვებს, მხუთავ და ცრემლსადენ ნივთიერებას და რკინის ნაჭრებს ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში, სადაც იმყოფებოდნენ შსს-ს თანამშრომლები და ასევე განთავსებული იყო სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები. საზოგადოებამ კარგად იხილა როგორ აზიანებდნენ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის შენობაზე განთავსებულ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებსა და მერიის საკუთრებაში არსებულ სხვადასხვა ნივთებს”, – ამბობს თამაზაშვილი.

მისივე განცხადებით, შვიდი პოლიციელი დაშავდა.

მსგავსი თემები