”რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ტრისტან მუშიკიშვილი და ვალერი თეთრუაშვილი თავისუფალი არიან“- სუს-ი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი თავისუფალი არიან. ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. სუს-ის ინფორმაციით, უკანონო პატიმრობაში რჩება, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი. უწყებაში ამბობენ, რომ მის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

„აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები