განსაკუთრებით საგანგაშოა რეზინის ტყვიების გამოყენება ახლო მანძილიდან – საიას განცხადება

საია პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და შსს-ს მხრიდან  სპეციალური საშუალებების გამოყენებას ეხმაურება:

,,დაახლოებით 22:00 საათიდან შეინიშნება აქტიური სპეციალური საშაულებების (წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის) გამოყენება (თავდაპირველად ჩიტაძის ქუჩაზე პარლამენტის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო, ამჟამად, უკვე (23:20), ჩიტაძის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე).

თავდაპირველად აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებას ჩიტაძის ქუჩაზე წინ უძღვოდა რამდენიმე პირის მიერ ჭიშკრის უჯრედებზე ჩაჭიდება და ხმაურით პროტესტის გამოხატვა, ხოლო, შემდეგ საშუალებების გამოყენება უკვე გადაიზარდა დემონსტრანტების ფართო მასების მიმართულებით.

გამოყენებულ სპეციალურ საშუალებათა უკანონო პრაქტიკებს შორის, განსაკუთრებით საგანგაშოა:

რეზინის ტყვიების გამოყენება ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოების (სახის, მუცლის არის) მიმართულებით ან/და იმ პირთა მიმართ, რომელთაგანაც არ მომდინარეობდა საფრთხე;

ცრემლსადენი გაზის სროლა სახურავიდან ქვემოთ, მშვიდობიანად მდგომი ხალხის მიმართულებით რუსთაველის გამზირზე, რაც არღვევს ცრემლსადენი გაზის კაფსულების გამოყენების წესს და ცხელი კაფსულის მოხვედრის შემთხვევაში ქმნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი დაზიანების საფრთხეს.

მოვუწოდებთ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ადამიანის უფლებების დაცვასთან შეუთავსებელ და ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე

სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს: არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

მსგავსი თემები