ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი საქართველო, რომ ყველას ერთი მოსაზრება გვქონდეს – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული პროტესტი რეალურად ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განხორციელებას ემსახურება.

მისივე განმარტებით, კანონის მიღება უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება და რა პროექტებზე იხარჯება თანხები.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მშვიდობიანი აქციის დასახელება უბრალოდ შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით.

ყველამ ვიცით, ვინ ვინ არის – რომელი ორგანიზაციაა, პარტიაა, საიდან ფინანსდება და როგორ. ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. შესაბამისად, კანონის მიღება მოგვცემს შესაძლებლობას, ყველამ გააკეთოს დეკლარირება იმისა, თუ საიდან ფინანსდება, რა პროექტებზე და რა მიზნით იხარჯება თანხები.

ამავდროულად, ყველა ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი მოსაზრება. ცხადია, ქვეყანაში ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება. ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი საქართველო, რომ ყველას ერთი მოსაზრება გვქონდეს. გვყავს განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანები.

ბევრმა შეიძლება არ იცოდეს და ვერ ერკვეოდეს დეტალებში, რადგან არ უხსნიან სიმართლეს. ერთი არგუმენტი ვერ დაასახელეს ამდენი ხნის განმავლობაში, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი ცუდი. ჩვენ არაფერს ვმალავთ – პირდაპირ ვამბობთ, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს უცხოური გავლენების შემცირება ქვეყანაში“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი თემები