ჟურნალისტებმა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტთან მიმართვა წაიკითხეს

ქართველებმა რუსული კანონი საზღვარგარეთაც გააპროტესტეს. 9 აპრილს ქართველმა ჟურნალისტებმა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობასთან მიმართვა წაიკითხეს:

,,9 აპრილი – 1991 წელი – საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი:

,,საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასდროს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას“ –

ამ სიტყვებით იწყება ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, დოკუმენტი, რომლის საფუძველზე გამოცხადებული დამოუკიდებლობა, უპირველესად სწორედ ევროპის ქვეყნებმა აღიარა. დღემდე ეს ქვეყნები საქართველოსთან ერთად ცდილობენ ამ დამოუკიდებლობის დაცვას.

სიმბოლურია ისიც, რომ დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება , 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, საქმეზე ,,საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ ევროპულმა სასამართლოდ ერთხმად დაადგინა, რომ საქართველოში რუსეთმა ადამიანებს წაართვა მიწა, ოჯახის წევრები ერთმანეთს დააშორა; ბავშვებს აიძულებდნენ ესწავლათ რუსულ ენაზე და ა.შ ევროსასამართლო ამ გადაწყვეტილებაში სხვა წყაროებთან და მტკიცებულებებთან ერთად ეყრდნობა ქართულ მედიას, ქართულ სამოქალაქო ორგანიზაციებს.

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვების არ იყოს: ,,9 აპრილს წამებულთა სულები, დღესაც დაგვცქერიან ჩვენ“ და დღესაც უნდა აღსრულდეს ნება მათი“. არ უნდა დაგვავიწყდეს – ვინ მოკლა ისინი, რომ რუსეთი დღესაც ცდილობს ფეხებქვეშ გათელოს საქართველოს დამოუკიდებლობა.

აქ ევროკავშირის დედაქალაქში, ჩვენს უკან არის ევროკავშირის სახელმწიფოების დროშები. არ შეიძლება ეს დროშები შერაცხო უცხო ძალად, თუ გინდა, რომ მათ შორის შენი ქვეყნის დროშაც ეკიდოს!

არა ევროპის გაუცხოებას.

არა რუსეთს!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს!”.

 

მსგავსი თემები