ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ცხინვალში უკრაინიდან რუსეთის მხარეს მებრძოლი მეორე მოხალისე დაასაფლავეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, უკრაინიდან ჩამოსვენებული კიდევ ერთი მებრძოლი დაასაფლავეს. რუდოლფ ცხოვრებოვი უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა. ოსური მედიის ცნობით, ის ომში მოხალისედ იყო წასული. მისი კვალი გასული წლის ბოლოს დაიკარგა. დაღუპული მებრძოლის ცხედარი კი რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს და მისი ამოცნობა მხოლოდ დეენემის ანალიზით გახდა შესაძლებელი. ცხოვრებოვის დასაფლავებაზე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი მივიდა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაგლოევმა ცხოვრებოვი, სიკვდილის შემდეგ „სამშობლოს დამცველის მედლით დააჯილდოვა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ცხინვალში უკრაინიდან ჩამოსვენებულ მებრძოლს ასაფლავებენ. 24 მარტს დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში დაასაფლავეს ზელიმ ხარებოვი, რომელიც ასევე მოხალისედ იყო წასული ომში და ზაპოროჟიეს მხარეში, სოფელ რაბოტინოსთან დაიღუპა.

მსგავსი თემები