ევროპის ჩემპიონატზე გასული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი 150 მილიონ ევრომდეა გაზრდილი

საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვებიდან უკვე რამდენიმე დღე გავიდა. ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა კომპანიამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი განსაზღვრა.

ისტორიული გამარჯვების შემდეგ, სპორტულმა პორტალმა Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა, რომლის მიხედვითაც, ევროპის ჩემპიონატზე გასული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი 150 მილიონ ევრომდეა გაზრდილი.

ყველაზე დიდი მატება გიორგი მამარდაშვილს აქვს, რომლის ფასიც 5 მილიონით გაიზარდა და 35 მილიონ ევროს შეადგენს. გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი 9 მილიონი გახდა. მას საბა საზონოვი და ოთარ კიტეიშვილი – 3-3 მილიონი ევროთი მოჰყვებიან. ნაკრებში ყველაზე ძვირადღირებული ხვიჩა კვარაცხელიაა, ვისი ყიდვაც კლუბებს, მინიმუმ, 80 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

კვარაცხელიას წონა იზრდება თავად ნაპოლიშიც. ქართველი ფეხბურთელი დე ლაურენტისისთვის მთავარი ფიგურა ხდება. ნაპოლის პრეზიდენტი ფეხბურთელში გუნდის ლიდერს ხედავს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ბილეთების რეალიზაციასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა. უახლოეს დღეებში, ფედერაცია გულშემატკივრებს დეტალურ ინფორმაციას გააცნობს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად, საქართველოს ავიახაზებმა სპეციალური, პირდაპირი რეისები დანიშნა. “ჯორჯიან ეარვეისი” ფრენებს მატჩებამდე ერთი დღით ადრე შეასრულებს და მეორე დღეს უკან დაბრუნდება. გულშემატკივრებს თბილისიდან დორტმუნდში გაფრენა 17 ივნისს, ჰამბურგში 21-ში, დიუსელდორფში კი – 25 ივნისს შეეძლებათ.

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩი 18 ივნისს, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართება.

მსგავსი თემები