დიასპორის მონაწილეობა არჩევნებში – ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლეში შეხვედრებს განაგრძობს

ორბელიანის სასახლეში, ცესკოს თავმჯდომარე, საარჩევნო კომისიის წევრები, არასამთავრობო სექტორისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს თითქმის 1 საათი ხვდებოდნენ. შეხვედრის მთავარი თემა არჩევნებში დიასპორის მონაწილეობის საკითხი იყო. განიხილეს გზები თუ როგორ უნდა მოხდეს, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა ისე, რომ ყველა ემიგრანტს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცეს. დისკუსიის დაწყებამდე, პრეზიდენტმა მედიისთვის განცხადებაც გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილის სურვილს, საზღვარგარეთ უფრო მეტი საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ, მალევე შეუერთდა მიხეილ სააკაშვილი. მსჯავრდებულმა პრეზიდენტმა სოციალური ქსელით უცხოეთში მყოფ ქართველებს მოუწოდა საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები გამართონ.
”ქართულ ოცნებაში” დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი ერთობლივად მოქმედებენ. მათთვის ამის მორიგი დასტური, პრეზიდენტისა და ექსპრეზიდენტის განცხადებების თანხვედრაა.

ემიგრანტების საარჩევნო პროცესში სრულად ჩართვას ითხოვს სხვა ოპოზიციური პარტიებიც. საქართველოს ფარგლებს გარეთ უბნების გახსნის საკითხზე შეხვედრები გაგრძელდება და პოზიციებიც შეჯერდება – ეს ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდრიშვილმა უთხრა. თქვა ისიც, რომ საარჩევნო კომისია გააკეთებს ყველაფერს, რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია სრულად მიეწოდოთ.

ათონელის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.

სალომე ზურაბიშვილი გიორგი კალანდარიშვილს, საარჩევნო კომისიის წევრებს, არასამთავრობო სექტორსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას უკვე მეორედ შეხვდა. ცნობილია, რომ მსგავსი შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.

rustavi2

მსგავსი თემები