48 წლის დიტო გოგოლაძეს ამ დრომდე ეძებენ – ეპიცენტრის ადგილას ვერტმფრენმა დამატებითი ჯგუფები დილის 7 საათიდან ჩაიყვანა

ზვავში მოყოლილ მამაკაცს დღეს იმაზე მეტი მაშველი ეძებდა, ვიდრე გუშინ. ეპიცენტრის ადგილას ვერტმფრენმა დამატებითი ჯგუფები დილის 7 საათიდან ჩაიყვანა. ზვავსაშიშროების გამო, მათ ძალიან ფრთხილი მუშაობა უწევთ. ადგილი მიუვალია, ამიტომ სპეც-ტექნიკის გამოყენება ვერ ხერხდება, სამთო აღჭურვილობით მუშაობა კი მეტ დროს მოითხოვს.

48 წლის მამაკაცი ბურანების ტურში ხშირად დადიოდა. დიტო გოგოლაძე 5 მეგობარს შორის ერთადერთია, ვინც ციხისჯვრის მიმდებარედ, ორ მთას შორის ჩამოწოლილი ზვავის პირისპირ მარტო აღმოჩნდა. 4 გადარჩენილთან ერთად, სიახლეებს მაშველებისგან მთელი ბაკურიანი ელოდება, რადგან ყოფილ მოთხილამურეს ყველა ახლოს იცნობდა.

მეგობრები და ნაცნობები დაკარგულის პოვნის იმედს არ კარგავენ. რელიეფური სიძნელეების მიუხედავად, არ ნებდებიან არც მაშველები, რომლებთან ერთადაც დაკარგულის ძიებაში ადგილობრივი მოხალისეებიც ჩაერთნენ.

თოვლში მოყოლილ მამაკაცს ბორჯომის მუნიციპალიტეტში უკვე მეორე დღეა ეძებენ, მათ შორის ცოცხალი ძალის, ვერტმფრენისა და დრონების გამოყენებით. “შავი კლდე” – ასე ჰქვია ციხისჯვრის დასახლების მიმდებარე ადგილს, სადაც გუშინ დილით ზვავი ჩამოწვა და 1 პირი ჩაიყოლა. სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

მსგავსი თემები