კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციულ მექანიზმებზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა იგეგმება

„ვინაიდან მოქალაქეების ნაწილი უპასუხისმგებლოდ ეკიდება ხელისუფლების მიერ მიცემულ რეკომენდაციებს, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების პრევენციისათვის მნიშვნელოვანია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც იქნება პროპორციული და ეფექტური არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. “ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარემ ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.

ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტი კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციულ მექანიზმებზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას გეგმავს.

გიგუაშვილის ინფორმაციით ადამიანი, საჭიროა სახელმწიფომ მიიღოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნორმები.

„დღეს გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ რეალურად ადამიანი, რომელმაც იცის, რომ აქვს ვირუსი და დამალავს ამ ფაქტს, არ დაიცავს ელემენტარული წინდახედულობის ნორმებს და სხვას დააინფიცირებს, ან საერთოდ არ დაისჯება, ან პირდაპირ ციხეში უნდა წავიდეს, შესაძლოა ორი ან ხუთი წლითაც კი. ამ ლოგიკით შესაძლოა მივიღოთ მოცემულობა, რომ ათეულობით და ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდეს, ან კანონმა არ იმუშაოს საერთოდ, რაც ცხადია დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ იქნეს შემუშავებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კონკრეტული ზომები ეპიდემიის პრევენციისათვის და რაც მთავარია ეს ზომები იყოს პროპორციული და თანაზომიერი მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების გათვალისწინებით”- განაცხადა ამირან გიგუაშვილმა „მედიაცნეტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც გიგუაშვილი განმარტავს, დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, დასჯადია განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა და სასჯელის მაქსიმუმის სახით ხუთ წლამდე პატიმრობასაც კი ითვალისწინებს, თუმცა ვინაიდან ეს მუხლი ფაქტობრივად შეუძლებელია გავრცელდეს ეპიდემიის შემთხვევაში ყველა მოქალაქეზე, ვინც სხვას დააინფიცირებს უპასუხისმგებლობის გამო, ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტი, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად აპირებს აქტიურად ითანამშრომლოს ადეკვატური საკანონმდებლო ინიციატივის შესამუშავებლად, რომელიც უახლოეს დღეებში წარედგინება პარლამენტს განსახილველად.

“ჩვენ გვაქვს მაგალითები სხვადასხვა ქვეყნებში სადაც ხელისუფლება ზოგიერთ შემთხვევაში ზედმეტად მკაცრად უდგება მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვას ეპიდემიის პრევენციისათვის, ზოგიერთ შემთხვევაში კი პირიქით ასეთი ღონისძიებები ნაკლებადეფექტურია. ამიტომ გვსურს ხელისუფლებასთან და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, მათ შორის უფლებადამცველ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით შევქმნათ ისეთი მოდელი, რომელიც იქნება ერთის მხრივ ეფექტური ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, ხოლო მეორეს მხრივ არ მოხდება ადამიანების ფუნდამენტური უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვა, ვიდრე ამის საჭიროებაა. ამავე დროს ცხადია, უმნიშვნელოვანესია თავად მოქალაქეთა თვითშეგნება და თანამშრომლობა შესაბამის სამსახურებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ კაცობრიობის ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევასთან გამკლავება”- განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

მსგავსი თემები