,,აშშ არასდროს აღიარებს ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომელიც უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ტარდება” – სახდეპი

აშშ გმობს და არასოდეს აღიარებს იმ ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომელიც უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ტარდება, – ასე ეხმაურება სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს.

,,შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მცდელობებს, შეარყიოს უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი არჩევნების ჩატარების გზით.

შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს იმ ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომელიც ტარდება უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში. ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა. აშშ გააგრძელებს ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას,” – განაცხადა დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. ვლადიმერ პუტინი მეხუთე ვადით ხდება რუსეთის პრეზიდენტი. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს.

მსგავსი თემები