საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით არახამიას უპასუხეს

უკრაინის რადის ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას პოსტში გამოთქმულ მოსაზრებას, რომელშიც იყო სამი პუნქტი, რის საფუძველზეც, მისი ხედვით, უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაა შესაძლებელი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მედიის კითხვაზე პასუხის ფორმატში გამოეხმაურნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არახამიას დამოკიდებულებას „დასანანი “ და „სამწუხარო“ უწოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მყარად უჭერენ მხარს უკრაინელ ხალხს და „სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს“.

„როდესაც ასეთ ფონზე კეთდება ასეთ გაუგებარი განცხადებები, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. თუმცა უკრაინა დღეს არის ძალიან მძიმე ვითარებაში, უკრაინელი ხალხი არის ომის მდგომარეობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში. აქედან გამომდინარე ჩვენ, პირველ რიგში, პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს და არ ვაპირებთ არახამიასთან და სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას“, – თქვა კობახიძემ.

უფრო მკაცრად შეაფასა უკრაინის მმართველი პარტიის წარმომადგენლის განცხადება საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

„არახამიას ასეთი დამოკიდებულება არის იმ არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელება, რაც არა მხოლოდ არამეგობრულობას, არამედ ამ ქვეყნის მტრობას ნიშნავს. და მე იმედს ვიტოვებ, რომ მისი და მისი თანამზრახველების ამ საკითხში ასეთი დამოკიდებულება ვერასდროს, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვერ შეარყევს ორი ხალხის ისტორიულ მეგობრობას, როგორც ეს მათ შორის მთავრობის გუშინდელ განცხადებაში იყო ნათქვამი“, – უთხრა ჟურნალისტებს მდინარაძემ პარლამენტში ბრიფინგზე.

უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის 11 მარტის განცხადებას, რომელიც ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლორთქიფანიძის გადაცემას შეეხებოდა და კიევის თბილისთან ურთიერთობის დარეგულირების სამ პირობა დაასახელა.

მსგავსი თემები