„დანაშაულის მოტივი იყო შურისძიება“ – პროკურორი რუსთავში ადამიანების მკვლელობაზე

„სტამბოლის ბაზარში“ ოთხი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, საქმის პროკურორი აცხადებს, რომ დამნაშავე შურიძიების მოტივით სარგებლობდა. ქეთევან სონიძის განცხადებით, გიორგი ორველაშვილმა შურისძიების მოტივით განიზრახა საკუთარი ბიძის, ნოდარ ორველაშვილის და ბიძაშვილის ნიკოლოზ ორველაშვილის მოკვლა.

„დანაშაულის მოტივი იყო შურისძიება, კერძოდ, გიორგი ორველაშვილმა შურისძიების მოტივით განიზრახა საკუთარი ბიძის, ნოდარ ორველაშვილის და ბიძაშვილის ნიკოლოზ ორველაშვილის მოკვლა, თუმცა ნიკოლოზ ორველაშვილი სიკვდილს გადაურჩა და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კონფლიქტი უკავშირდებოდა ბრალდებულის ცუდ სიმთვრალეს. ის მთვრალ მდგომარეობაში ხდებოდა არაადეკვატური და აყენებდა შეურაცხყოფას როგორც გარშემომყოფებს, ასევე საკუთარი ოჯახის წევრებს. ასევე, დადგენილია ისიც, რომ ახალ წლამდე პერიოდში მას კონფლიქტი მოუხდა ბიძასთან, ნოდარ ორველაშვილთან, რომელთანაც გამყიდველის პოზიციაზე მუშაობდა ბაზარში. ამის შემდეგ ბიძამისმა ის სამსახურიდან დაითხოვა, წავიდა სოფელში და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა“ – განაცხადა პროკურორმა.

პროკურატურა ფსიქიატრიული დასკვნის მოლოდინშია.

„უახლოეს მომავალში, ჩვენ ველოდებით ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც უნდა დაადგინოს ბრალდებული შეურაცხადი იყო თუ შერაცხადი, შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საკითხი მისი დასჯის ან იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის თაობაზე. ამ ეტაპზე ერთი შეხედვით, ბრალდებულის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა არ იწვევს ეჭვს, ადეკვატურად იქცევა, ნებაყოფლობით მონაწილეობდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში და მათ შორის, აღიარებს დანაშაულს“ – აღნიშნა პროკურორმა სასამართლო სხდომაზე.

 

მსგავსი თემები