16 წლამდე მოზარდის გაუპატიურების საქმეზე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ხაშურის რაიონული სასამართლო რამდენიმე საათში გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 51 წლის კაცის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

,,წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობის. მოტივი არ იცის. დღეს არის პროცესი პირველ საათზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პროცესს დაესწრება, მოიყვანენ,” – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი მარიამ ინდუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, 51 წლის კაცმა 16 წელს მიუღწეველი მოზარდი გააუპატიურა, მასზე ფიზიკურად იძალადა და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. არასრულწლოვანს სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები