რუსეთის პროკურატურა იგორ გირკინისთვის ხუთ წლამდე პატიმრობას ითხოვს

რუსეთის სახელმწიფო პროკურატურამ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტთა ყოფილი მეთაურისა და ФСБ-ს თადარიგის პოლკოვნიკის, იგორ სტრელკოვისთვის (გირკინისთვის) 5 წლამდე პატიმრობა მოითხოვა. მოსკოვის სასამართლო განაჩენს 25 იანვარს გამოაცხადებს. სასამართლო დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, იგორ გირკინი 2023 წლის 21 ივლისს დააკავეს. რუსეთში მის წინააღმდეგ საქმე ექსტრემისტული საქმიანობის საჯარო მოწოდებისთვის აღიძრა. ამჟამად კი ის ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია. გირკინი დაუსწრებლად გაასამართლეს ჰააგაში, დონბასში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმეზეც. გირკინი რუსი ულტრანაციონალისტი და პროპაგანდისტია, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინაში დაწყებულ ომს. აგრესორი ქვეყნის წარუმატებლობის გამო კი აქტიურად დაიწყო პუტინის კრიტიკა. ივნისში გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებაში, გირკინმა თქვა, რომ პუტინმა პოსტი უნდა დატოვოს.

 

მსგავსი თემები