მანავში, 31 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში 31 დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ადვოკატი ბრალდებულის 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაკავებულია 57 წლის ელდარ საბაშვილი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, მასთან სახლში სტუმრად მისულ 31 წლის ვიტალი კოხტაშვილს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. საბაშვილის ოჯახის წევრების თქმით, მოკლულსა და სავარაუდო მკვლელს შორის კონფლიქტი დიდი ხნის წინ, ფულის გამო დაიწყო.

ბრალდებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში მოკლული კოხტაშვილი საბაშვილს ხშირად სძალავდა ფულს. მათივე ცნობით, ამ ფაქტის გამო სიღნაღის სასამართლოს კოხტაშვილისთვის შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული საბაშვილი წლების წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა. მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ახლაც ჩაუტარდება.

მომდევნო სასამართლო პროცესი კი თელავის სასამართლოში 22 თებერვალს გაიმართება. გამოძიება საბაშვილს განზრახ მკვლელობას ედავება, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები