ჩვენ ამ ომში გადაგვაგდეს – ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინა სტრატეგიულ ჩიხში იმყოფება, დასავლეთის ნაწილი მზად არის, ჩვენი მიწებით და სისხლით გადაიხადოს, რომ რუსეთმა არ წააგოს, არ დაექვემდებაროს ჩინეთს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინელ ჟურნალისტთან ნიკოლაი ფელდმანთან „იუთუბ-არხზე“ ინტერვიუში განაცხადა.

„რაში მდგომარეობს სტრატეგიული ჩიხი? პირველი – დასავლეთის პოზიციაში, რომლის ნაწილი მზად არის ჩვენი მიწებით და სისხლით გადაიხადოს, რომ რუსეთმა არ წააგოს, არ დაექვემდებაროს ჩინეთს. ეს დასავლეთის ინტერესებშია, რომ პარიტეტი არ დაირღვეს ჩინეთის სასარგებლოდ და მას არ გაუჩნდეს ბირთვული სატელიტი რუსეთის სახით, რაც მათ გარდაუვალი ჰგონიათ მისი დანგრევის შემთხვევაში, ან არ გაჩნდეს უზარმაზარი ნაცრისფერი ზონა, რომლის ადმინისტრირებასაც ისინი ვერ შეძლებენ და რომელიც გლობალურად დაარღვევს სტაბილურობას. მესმის, ეს არის კანონიერი მიზანი, თუმცა მისი მიღწევა სხვაგვარად შეიძლებოდა. ახლა მისი მიღწევა ხდება აბსოლუტური ცინიზმით, უკრაინული სისხლის დაღვრით. მეორე მომენტი – ჩვენი პოლიტიკური კლასის და პოლიტიკური ხელმძღვანელობის სიჩლუნგე და კორუფცია. მესამე არის პატრიოტული სურათი, რომელიც ხელოვნურად შექმნეს და არაფერი აქვს სართო რეალობასთან“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, არ იცის, ვინ ჩაითრია უკრაინა ამ დიდ ომში, ეს პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ იცის, თუმცა როდესაც ომი დაიწყო, უკრაინამ ვერ მიიღო სათანადო მხარდაჭერა.

„არ ვიცი, ვის გამო გაგრძელდა დიდი ომი, თუმცა ის, რომ ჩვენ ამ ომში გადაგვაგდეს და არ მოგვცეს არათუ გამარჯვებისა და გათავისუფლების, არამედ ეფექტიანად წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა ტერიტორიების დაკარგვის, უამრავი სისხლის დაღვრის გარეშე, ეს სიმართლეა“ , – განაცხადა არესტოვიჩმა.

მსგავსი თემები