სკოლის კვების ობიექტების მოთხოვნები დამტკიცდა

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ დამტკიცდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

,,არაგადამდებ დაავადებათა განვითარების რისკის შემცირებისა და სიმსუქნის პრევენციის მიზნით, შერჩეული უნდა იქნეს შაქრის ნაკლები შემცველობის სურსათი, მათ შორის სასმელი.

დაუშვებელია ტკბილი და გაზიანი სასმელების შეტანა (მათ შორის ხილის სასმელების, გაზიანი/უალკოჰოლო სასმელების, აღდგენილი სასმელების, ენერგეტიკული სასმელების) გამოყენება.

კვებისათვის შერჩეული უნდა იქნეს დაბალი ცხიმის შემცველობის სურსათი. მიზანშეწონილია,ნაჯერი ცხიმები ჩანაცვლებულ იქნეს უჯერი ცხიმებით.

შერჩეული უნდა იქნეს მარილის/ნატრიუმის ნაკლები შემცველობის სურსათი.

ახალი პური წარმოადგენს თითოეული კვების აუცილებელ ნაწილს. ის შეიძლება შეიცვალოს ორცხობილით (დაუმტკბარი) ან მჭადით.

სკოლის კვების ბლოკში აკრძალულია:

საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ.: ჩიფსები,ჟელიბონი და სხვა);
მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული;
მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები;
დაკონსერვებული პროდუქტები; თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი; სოკო ნებისმიერი ფორმით; კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი; ტკბილი გაზიანი სასმელები; ყავა”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

განათლების სამინისტროს ცნობით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს, ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.

მსგავსი თემები