,,ზოგი გაერთიანება ახლავე მოხდება, ზოგს კი უნდა ახსოვდეს, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება!”- მიხეილ სააკაშვილი

,,ზოგი გაერთიანება ახლავე მოხდება, ზოგს კი უნდა ახსოვდეს, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება! საბოლოო ჯამში, ძალა ერთობაშია!”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის  თქმით, ახლაც მის ფუნქციად მაქსიმალურად ფართო ერთობის შექმნას ხედავს.

,,ახლა „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის თავზე და უკრაინის მაიდანის დაწყებიდან 10 წლის თავზე, მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თუ საიდან იწყება ჩვენი მოძრაობა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ ჟვანიას ჯგუფიდან გამოყოფის შედეგად წარმოიშვა და ახალ მოძრაობას ვყავდით სამი თანათავმჯდომარე: ლევან ბერძენიშვილი, რეზო შავიშვილი და მე.

ჟვანიამ შექმნა ალიანსი ბურჯანაძესთან. „ბურჯანაძე-დემოკრატებში“ ბევრი ჩემი პირადი მეგობარი აღმოჩნდა: თვითონ ზურაბი, გია ბარამიძე და უამრავი სხვა, ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ჩვენ გვქონოდა მწვავე კონკურენცია საპარლამენტო არჩევნების კამპანიის, განსაკუთრებით, საწყის ეტაპზე. თუმცა მოგვიანებით შევწყვიტეთ ერთმანეთის კრიტიკა და „ბურჯანაძე-დემოკრატებმა“ რამდენჯერმე სოლიდარობაც გამოხატეს აჭარასა და ქვემო ქართლში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებზე.

უნდა ითქვას, რომ ოპოზიციური ტელევიზიებიც ბევრად უკეთ აშუქებდნენ მათ ვიდრე ჩვენ.

გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ჩვენ მთლიანად გავაერთიანეთ ძალები და „ვარდების რევოლუციაც“ ამის შედეგი იყო.

რევოლუციის შემდეგ, ჩვენ ერთად ჩამოვაყალიბეთ მთავრობა, რომლის ბირთვს წარმოადგენდა ჟვანიას გუნდი და არა ენმ. ზურაბ ჟვანიამ გააუქმა მისი პარტია და შეუერთდა ნაციონალურ მოძრაობას. უნდა ითქვას, რომ მისი პრემიერობის პერიოდი იყო ჩვენი ყველაზე ახლო მეგობრობის ხანაც და მისი სიკვდილი ჩემთვის უზარმაზარი დარტყმა აღმოჩნდა.

უკრაინაში მაიდანის დროსაც გაერთიანდნენ სრულიად სხვადასხვა ძალები, ერთ დროს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულები.

როდესაც მაიდანის დასაწყისში ჩავფრინდი, უკვე ყოფილი პრეზიდენტის რანგში, ერთ მაგიდაზე შემხვდნენ ლიდერები, რომლებიც ადრე ერთმანეთთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მყავდა ნანახი. მაშინ მივხვდი, რომ მაიდანი იმარჯვებდა.

რატომ ვყვები ამ ყველაფერს?

ახლაც ჩემს ფუნქციად ვხედავ მაქსიმალურად ფართო ერთობის შექმნას და ვისთანაც ამ ეტაპზე გაერთიანება ვერ ხერხდება, მათთან მოგვიანებით მისასვლელი გზის დატოვებას.

აი მაგალითად, ჩვენს გაერთიანებაში ახლა ერთ-ერთი ლიდერია გიორგი ვაშაძე. მე ზოგიერთი სულ მახსენებს მის კრიტიკულ გამონათქვამებს ჩემს მიმართ, მაგრამ მე პირადად უფრო მახსენდება მისი 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბრწყინვალე ხელმძღვანელობა, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ პრაქტიკულად, პირველ ტურში მოიგო. მე სულ მახსოვს მისი წვლილი ქართული იუსტიციის სახლების შექმნაში და უკრაინაში მის მიერ ქართული რეფორმების საუკეთესო კუთხით წარმოჩენაში.

ამიტომ მე მასთან ბევრად მეტი მაერთიანებს, ვიდრე მყოფს და კმაყოფილი ვარ, რომ გამარჯვების კოალიციაში ის თავის ძალიან ნიჭიერ გუნდთან ერთადაა წარმოდგენილი.

ჩვენ გადაკვეთის წერტილებს ვპოულობთ ყველაზე მოულოდნელ ძალებთანაც. მას შემდეგ რაც მე გამოვაცხადე, რომ დადგა დრო კახა ბენდუქიძის დიდი ხნის იდეის განხორციელების – ეროვნული ბანკის გაუქმების და ეკონომიკის ევროზე გადაყვანის, აღმოჩნდა, რომ ამასვე დიდი ხანია ითხოვს იაგო ხვიჩიას „გირჩი“.

ასევე ჩვენი პოზიციები ამნისტიის საკითხზე ძირითადად ემთხვევა მათ აზრს.

არის თუ არა ეს საფუძველი ერთობის – რა თქმა უნდა, არის, ჩვენ ხომ იდეურ ერთობას ვეძებთ და არა საძმაკაცოს, ან კლანურ გაერთიანებას.

ამიტომ ჩემი რჩევაც და მოწოდებაც შემდეგია – ჩვენ არ მივისწრაფვით იმისკენ, რომ პოლიტიკოსებს უყვარდეთ ერთმანეთი, მათ უნდა აერთიანებდნენ საერთო იდეები და კონკრეტული სამიზნე – ოლიგარქია.

ზოგი გაერთიანება ახლავე მოხდება, ზოგს კი უნდა ახსოვდეს, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება.

საბოლოო ჯამში, ძალა ერთობაშია!, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები