პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს პატიმრობა შეეფარდა

,,ავერსის” კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე საბადრაგო ჯგუფის უფროსი, ივერი ნატრიაშვილი, პატიმრობაში დატოვეს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ, გამოაცხადა.

პროცესზე დაცვის მხარე მისი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ “ავერსის” კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.

საბადრაგო ჯგუფის უფროსი კი სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა.

მსგავსი თემები