,,ეროვნული არქივის კინოსაცავში გაჩენილმა ხანძარმა ისტორიული კინოფირები გაანადგურა” – SOVLAB

ეროვნული არქივის კინოცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად ისტორიული კინოფირებია განადგურებული. ამის შესახებ ინფორმაციას საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯერ დაზუსტებით არაა დადგენილი, რა პერიოდის და მოცულობის ზარალზეა საუბარი.

,,8 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოსაცავში გაჩენილმა ხანძარმა ისტორიული კინოფირები გაანადგურა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დაზუსტებით არაა დადგენილი რა პერიოდის და რა მოცულობის მასალა დაიღუპა აუნაზღაურებლად, მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მეხსიერებისადმი სახელმწიფოს ზერელე, ხშირად კი დესტრუქციულ მიდგომას, რომელიც მაქსიმალურად ზღუდავს არქივებზე წვდომას.

წლების განმავლობაში, არქივებზე წვდომის ხელოვნური შეზღუდვების ზრდისა და მკვლევართათვის სისტემატიური ხელის შეშლის ფონზე, ძნელია ნდობით მოვეკიდოთ მტკიცებას იმის შესახებ, რომ ყველა განადგურებული ფირი გაციფრულებულია.

სწორედ ამიტომ, მოვითხოვთ:
– კატასტროფის შედეგების შემსწავლელი ღია ფორმატის კომისიის შექმნას, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების მაქსიმალურ კონტროლს, გამჭვირვალეობას და მოქალაქეთა ინფორმირებულობას;

– კატასტროფაზე როგორც ინდივიდუალური, ასევე სისტემური პასუხისმგებლობის დაკისრებას;

მომხდარი ტრაგედია შეგვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ აიძულოს სახელმწიფოს საარქივო საცავების ადეკვატური მოვლა და, ასევე, ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე დახურული და საზოგადოებასთან არმოთანამშრომლე სისტემიდან გადაიქცეს ღია და საზოგადოებრივ კონტროლს დაქვემდებარებულ, საჯარო ინტერესის მომსახურე ინსტიტუციებად.

ცნობისათვის, კომუნისტური პარტიის უზარმაზარი არქივი, რომელშიც უნიკალური წყაროებია თავმოყრილი, მუხიანში „სილქნეტის“ შენობის მეოთხე სართულზეა შეხიზნული სრულიად შეუფერებელ და სახიფათო პირობებში. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) არქივი, რომლის მნიშვნელობა განმარტებასაც არ საჭიროებს, პოლიციის აკადემიის ეზოში ყოფილ დამხმარე ნაგებობაშია მოთავსებული, მოქმედი სასროლეთის გვერდით. ასეთ რთულ პირობებშიც კი, მკვლევრებს სახელმწიფო უკრძალავს, დოკუმენტებს საკუთარი ტექნიკური საშუალებებით გადაუღონ ფოტოები და პერსონალური მონაცემების კანონის მავნებლური ინტერპრეტაციით, მათ განზრახ ხელს უშლის უახლესი წარსულის კვლევაში”, – წერს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.

მსგავსი თემები