თუ ქვეყნის პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას, ეს დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპაში არის ქვეყნის კონსტიტუციის უპატივცემულობა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას, ეს დამაზიანებელია ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის.

„კონსტიტუციის მიხედვით, ყველას ჩვენი ფუნქცია გაგვაჩნია. პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, მთავრობას, თბილისის მერს – გვაქვს ჩვენ-ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ. თუ ჩვენ დავიწყებთ ამის აღრევას, არაფერი გამოვა. პირველებმა ჩვენ პოლიტიკოსებმა, თანამდებობის
პირებმა უნდა ვცეთ პატივი კონსტიტუციას, კანონებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.

თუ ქვეყნის პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას, ეს ძალიან მძიმე და დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. ჩვენ ხომ ევროპული მიმართულება გვინდა. ამ ყველაფერს თუ ხაზს გადავუსვამთ და ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციას პატივს არ სცემს, მაშინ რაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სწორია ის ფაქტი, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, კახა კალაძე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას შესაბამისი რეაგირება სჭირდება.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კონსტიტუციაში ყველაფერი გაწერილია. ამის აღრევა შეიძლება მიზანმიმართულად ხდებოდეს, რომ რაღაც უთანხმოება გაჩნდეს კონკრეტული საკითხის მიმართ. კონსტიტუციაში წერია, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს ქვეყნის მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. როცა კონსტიტუციის უხეში დარღვევა ხდება, ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება“, –
განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი თემები