,,შევხვდებით ექსპერტებს, მოვუსმენთ გომელაურს, ღარიბაშვილს და ჩავალთ შოვში”- თინა ბოკუჩავა

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს 3 ოქტომბრის სასესიო კვირას გამოიტანენ პარლამენტის სხდომაზე.

მისივე თქმით, მანამდე შეხვდებიან ექსპერტებს, მოუსმენენ შინაგან საქმეთა მინისტრს, ასევე ჩავლენ სტიქიის ადგილზე.

,,გუშინდელმა ბიუროს სხდომამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა „ქართული ოცნების“ სახე, სადაც საგამოძიებო ინიციატივის პასუხად მოვისმინეთ მათი დაცინვა, ცინიკური ტაში და პირდაპირი სიტყვებით გინება. ეს იყო მათი რეაქციაც შოვის ტრაგედიის პირველ დღეებში, როდესაც აგრესიულად თავს ესხმოდნენ გადარჩენილ ადამიანებს. ჩვენ მათ შევთავაზეთ საჯარო დისკუსია და არა ფორსირებული კენჭისყრა კომისიის ჩაგდების მიზნით, მაგრამ მათ, როგორც წარსულში, სხვა საგამოძიებო კომისიების განხილვისას, კვლავ პროცედურული ომის და ასე დანაშაულის დაფარვის გზა აირჩიეს. ჩვენი მიზანი კი არაა პროცედურული ომი, ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა. ამავდროულად, გახარიას ფრაქცია „საქართველოსთვის“ ითხოვს დამატებით დროს გადაწყვეტილებისთვის, ინტერპელაციის დასრულებამდე, თვის ბოლოს. მათი რიტორიკა და ბევრი სხვა პოლიტიკური სვლა აწმყოსა თუ წარსულში ფუნდამენტურად არასწორად მიმაჩნია, მაგრამ კეთილი, დაველოდებით და ინტერპელაციის დასრულებიდან პირველივე სასესიო კვირას გამოვიტანთ სხდომაზე კომისიის საკითხს. ეს იქნება 3 ოქტომბრის სასესიო კვირა და მაშინ უდავოდ გამოჩნდება, რეალურად, რა სურს გახარიას – დანაშაულის გამოძიება თუ დანაშაულის დაფარვა „ოცნებასთან“ ერთად. მანამდე კი შევხვდებით ექსპერტებს, მოვუსმენთ გომელაურს, ღარიბაშვილს და ჩავალთ შოვში. ვთავაზობ, შემომიერთდნენ სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც. მოძალადე და ყველაფრის მკადრებელ პაპუაშვილსაც ვთავაზობ წამოსვლას სიმართლის მოსასმენად და ამჯერად ბახილების გარეშე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი თემები