,,ბორჯომში ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას”- შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის  მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას. მათივე ცნობით,  სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები გაძლიერებული ძალებით, მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

,,ხეობაში პერიოდულად ისევ ფიქსირდება ძლიერი ქარი, რაც ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს, თუმცა მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ მოხდეს ხანძრის გავრცელების არეალის გაფართოება და დროულად შეძლონ ყველა არსებულ კერაზე ცეცხლის ლოკალიზება-ლიკვიდაცია. ასევე, აქტიურად ტარდება შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიებები, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე.

რთულ, მიუვალ რელიეფზე, სადაც ცოცხალი ძალის მეშვეობით შეუძლებელია სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება, ხანძრის ქრობის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.

მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა“, – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი თემები