,,შემოდგომაზე ვიხილავთ ახალ პოლიტიკურ პროექტს პროდასავლური ხმების “გადასაქაჩად”- მიხეილ სააკაშვილი

,,შემოდგომაზე ვიხილავთ ახალ პოლიტიკურ პროექტს პროდასავლური ხმების “გადასაქაჩად”, რომელიც ასევე იქნება ივანიშვილის ერთ-ერთი ინსტრუმენტი საქართველოს საბოლოოდ დასამონებლად,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

,,ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ მთელი ეს წარმოდგენები, რომელიც პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთანაა დაკავშირებული, არის ოლიგარქის დადგმული სპექტაკლი და მეტი არაფერი. ეს შულერის სვლებია, რომელიც მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება, ისევე როგორც შემოდგომაზე ვიხილავთ ახალ პოლიტიკურ პროექტს პროდასავლური ხმების “გადასაქაჩად”, რომელიც ასევე იქნება ივანიშვილის ერთ-ერთი ინსტრუმენტი საქართველოს საბოლოოდ დასამონებლად.  მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აღარაა 2012 წელი, ამომრჩეველმა დიდი გამოცდილება მიიღო და არ მოტყუვდება. თანაც, ჩვენი საბოლოოდ გათავისუფლების მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით ტექტონიკური ცვლილებები ხდება.  ახლა მთავარია ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცე!”,- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება.

მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი გერმანიაში ვიზიტზე. ამასთან, პრეზიდენტს სხვა სამუშაო ვიზიტებზეც უარი ეთქვა.

დღეს კი ”ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

 

მსგავსი თემები