,,სოხუმში რუსეთი სამხედრო აეროპორტს ხსნის, რომელსაც ნატო-სა და დასავლეთ ევროპის წინააღმდეგ გამოიყენებს” – ჯემალ გამახარია

,,სოხუმში რუსეთი სამხედრო აეროპორტს ხსნის, რომელსაც ნატო-სა და დასავლეთ ევროპის წინააღმდეგ გამოიყენებს”. ამის შესახებ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ ,,მედიაცენტრ მთავართან” განაცხადა.

მისი თქმით, ამ თემაზე წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. 2023 წლის 16 ივნისს, პეტერბურგში ხელი მოეწერა შეთანხმებას აეროპორტის აღდგენის შესახებ. 26 ივლისს კი მოხდა ამ დოკუმენტის რატიფიკაციაც. დოკუმენტის ნახევარზე მეტი უკავია მუხლებს, რომელიც ეხება აფხაზური მხარის მიერ ვალდებულებების შეუსრულებების გამო კომპანიის ზარალის ანაზღაურებას. ისეთი ვალდებულებებია, რომელთა შესრულება აფხაზურ მხარეს ძალიან გაუჭირდება.

,,ზუსტად 4 წლის წინაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ამ თემაზე. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სოხუმის აეროპორტი მიეწერა როსტოვის საჰაერო სივრცეს. აეროპორტს მიენიჭა რუსული კოდი და ერთობლივი ბაზის აეროდრომის სტატუსი.

ერთობლივი ბაზირების აეროპორტი ნიშნავს, რომ აქ არა მხოლოდ სამოქალაქო ავიაცია დაიწყებს ოპერირებას, არამედ იქნება სამხედრო დანიშნულებისაც. მე თუ მკითხავთ, ყველაზე მთავარი ეს არის. რუსეთი აფხაზეთში ქმნის სათადარიგო აეროდრომს. ისმის კითხვა, ვის წინააღმდეგ ქმნის? მთელი შავი ზღვის აუზის ქვეყნების, დასალეთ ევროპის და საბოლოო ჯამში, ნატო-ს წინააღმდეგ. ეს არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენმა პარტნიორებმა ყურადღება უნდა მიაქციონ.

სოხუმში აფხაზეთის ტერიტორიაზე იქმნება ახალი სამხედრო აეროპორტი, რომელსაც რუსეთი დასავლეთ ევროპის წინაარმდეგ გამოიყენებს”, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ე.წ იკაომ უნდა მიიღოს.

,,იკაომ 2006 წლის აგვისტოში გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და საერთაშორისო აეროპორტის სტატუსი. კოდის და საერთაშორისო სტატუსის მინიჭება, ფრენების განხორციელების ნებართვა, იკაოს ნებართვით უნდა მოხდეს. ჩვენ ველოდებით იკაოს რეაქციას. დარწმუნებული ვართ, ეს რეაქცია იქნება უარყოფითი და მის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება კოდის და ფრენების გაუქმების შესახებ ძალაში დარჩება. ჯერჯერობით მხოლოდ გადაწყვეტილებაა მიღებული, შეთანხმებაა დადებული, კონკრეტულად ეს აეროპორტი არ არსებობს და ამიტომ იკავებს იკაო თავს.

ძალიან ბევრ აფხაზ ექსპერტს ეჭვი ეპარება ამ აეროპორტის აშენებაში და მიაჩნიათ, რომ ეს მორიგი დიდი ფინანსური აფიორაა. მეც ვიზიარებ ნაწილობრივ ამ მოსაზრებას. მაგრამ უკრაინის ომმა აჩვენა, რომ რუსეთს სჭირდება სათადარიგო აეროპორტი. შეიძლება სამხედრო ნაწილი მაინც აშენდეს და რაღაც ზომები იყოს ამ მიმართულებით მიღებული, ამას არ გამოვრიცხავ. ყველა შემთხვევაში იკაო ვალდებულია ამაზე რეაქცია მოახდინოს”, – აღნიშნა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები