„გიორგი მარგველაშვილმა განახორციელა ყალბი დეზინფორმაციის კამპანია“ – პარლამენტის თავმჯდომარე

„ერთმა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დააორგანიზა ეს ყალბი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, მეორე ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განახორციელა ეს ყალბი დეზინფორმაციის კამპანია საქართველოს წინააღმდეგ“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მარგველაშვილს ამხელს.

მისი თქმით, პეტიციის ტექსტი დიდი ალბათობით, სწორედ ლობისტების შედგენილია, ხელმომწერებიც მათ მოიძიეს და საბოლოო ჯამში, მარგველაშვილი გამოიყენეს. როგორც პაპუაშვილი აცხადებს,  მარგველაშვილმა თავად უნდა დააფიქსიროს, ჰქონდა თუ არა პირდაპირი ან ირიბი კომუნიკაცია ლობისტებთან და მან დაწერა თუ არა პეტიცია.

„რუსულმა კანონმა“ მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეგო, თურმე როგორი ორგანიზებული, ორკესტრირებული კამპანია იმართებოდა საქართველოს წინააღმდეგ. რომ არა „რუსული კანონი“, რომელიც აშშ-ში მოქმედებს, ამას რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავიგებდით, რადგან ევროკავშირში ჯერჯერობით ასეთი „რუსული კანონი“ არ არის მიღებული. რაც შეეხება მარგველაშვილზე ინფორმაციას, გამოჩნდა FARA-დან, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ, თურმე ის რეზოლუციები, რომელსაც ევროკავშირის პარლამენტი იღებს, ყოფილა არა ე.წ. კეთილმოსურნე ევროპარლამენტარების შემუშავებული, არამედ თურმე ეს რეზოლუციის პროექტები იწერება ამერიკაში ლობისტების მიერ და შემდეგ ხდება მისი თავს მოხვევა ევროპარლამენტის მიერ.

ფაქტია და ეჭვი დიდია, თავად ეს პეტიციის ტექსტი, რა თქმა უნდა, არ გახლავთ გიორგი მარგველაშვილის შედგენილი. დიდი ალბათობით, სწორედ ლობისტების შედგენილია, ხელმომწერებიც მათ მოიძიეს და საბოლოო ჯამში, ის, როგორც ფიგურა, რომელიც თავში მოაწერდა ხელს, ამ მხრივ გამოიყენეს და ესეც ფაქტია. სხვა მხრივ, შეიძლება, ვკითხოთ, თავად მარგველაშვილმა დააფიქსიროს, ჰქონდა თუ არა პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი, კომუნიკაცია ლობისტებთან და მეორე – მან დაწერა თუ არა ის პეტიცია, რომელსაც დაერქვა მისი პეტიცია“ – აცხადებს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის იუსტიციის  დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

მსგავსი თემები