„არსებობს გეგმები, მარგველაშვილი გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირი მოკავშირე“ – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეობისთვის ემზადება. როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, FARA-მ და ამერიკაში მოქმედმა „რუსულმა კანონმა“ კიდევ ერთ საკითხს შეუწყო ხელი, რომ ინფორმაციის გასაჯაროებით, როგორც ჩანს, კიდევ მეორე სკანდალი გამჟღავნდა.

„არის არა მხოლოდ კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გიორგი მარგველაშვილს შორის, არამედ  არსებობს გეგმები, მარგველაშვილი გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირი მოკავშირე.  რატომ არის ეს პეტიცია მძიმე, წაიკითხეთ, რა წერია ტექსტში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანას, პენიტენციურ სამსახურს აბრალებს პატიმრის წამებას, აბრალებს, თითქოს მის მიმართ ხდება ცუდი მოპყრობა. ამას აკეთებს ყოფილი პრეზიდენტი და ეს არის სამწუხარო, როდესაც ასეთი დამოკიდებულებები აქვთ ყოფილ პრეზიდენტებს.

ჩვენ ვნახეთ, რომ ერთმა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დააორგანიზა ეს ყალბი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, მეორე ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განახორციელა ეს ყალბი დეზინფორმაციის კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამაზე საერთოდ არაფერს ამბობს, არადა საინტერესო იქნებოდა მისი აზრის გაგება, რას ფიქრობს, როდესაც ახლა ასე გამჟღავნდა, რამხელა მანქანა იყო ჩართული საქართველოს დისკრედიტაციისთვის, მომხდარიყო ხელისუფლების, მათ შორის თავად პრეზიდენტის შანტაჟი, რათა სააკაშვილი დაეხსნათ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

 

მსგავსი თემები