ცაგერში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმის ღვინის რიგით მეორე ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ ცაგერში გაიმართა.

წელს ფესტივალში რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის დიდი, საშუალო და მცირე 65 მარანი მონაწილეობდა. მათ საკუთარი პროდუქცია ფესტივალის სტუმრებს, ევროპის ქვეყნებიდან მოწვეულ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს, სომელიეებს, იმპორტიორებს და ქართველ ექსპორტიორებს წარუდგინეს.

ცაგერში გამართული ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდა ღვინის მასტერკლასები, მოეწყო სხვადასხვა სახის აქტივობა რეგიონის გასტრონომიული ტრადიციებისა და ეთნოკულტურის წარმოსაჩენად, ფესტივალი საზეიმო კონცერტით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალისთვის მზადების ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ, გაევლოთ ერთკვირიანი პროფესიული სასწავლო კურსი, სადაც მონაწილეებმა დარგის სპეციალისტებისგან ინფორმაცია მიიღეს შემდეგ საკითხებზე: მევენახეობის საფუძვლები, ვენახების კადასტრი, საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება, ღვინის ეტიკეტირება, მარკეტინგი, სერტიფიცირება და სხვა. აღნიშნული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მცირე მარნების განვითარებისთვის.

რაჭა-ლეჩხუმის პირველ ფესტივალს, გასულ წელს, ქალაქმა ამბროლაურმა უმასპინძლა.

მსგავსი თემები