ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის აღსრულების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მე-12 სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საბჭოს წევრებს ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის აღსრულების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მან არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლიდან მოქმედებს და დღეისათვის მისი ბიუჯეტი უკვე 2 მილიონ ლარზე მეტია. ამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიულ მიმართულებებს წარმოადგენს: ცნობიერების ამაღლება ქცევით რისკებზე, პრევენციულ პროგრამებში მოსახლეობის ჩართულობის მხარდაჭერა, მხარდამჭერი გარემოს შექმნა და საზოგადოებრივი ქმედებების გაძლიერება.

„ჯანმრთელობის ხელშეწყობა არის ძალიან ფართო კონცეფცია და ითვალისწინებს მთელი რიგი ინტერვენციების განხორციელებას, რომ ადამიანმა შეძლოს საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა. რა თქმა უნდა, ჯანსაღი გარემოს შექმნა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა და ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანია როგორც საკანონმდებლო ჩარჩო, ასევე ინფრასტრუქტურული პირობები და ცოდნა, რაც ყველზე მთავარია იმისთვის, რომ ადამიანმა მოახერხოს და თავი დაიცვას მთელი რიგი არასასურველი ზეგავლენებისგან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის განცხადებით, დიდი მუშაობაა გაწეული, თუმცა გამოწვევები ცალკეული მიმართულებით კვლავ რჩება. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მის გადაჭრას შეძლებენ.

„მნიშვნელოვანი იქნება, რომ ვიდრე პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტს მივიღებთ, ყურადღება გავამახვილოთ 2024-2030 წლებში ჯანმრთელობის კუთხით ამ მიმართულებებზე, რათა კიდევ უფრო მეტი დაფინანსება მივიღოთ“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

მისივე თქმით, საბჭოს წევრების მხრიდან სხდომაზე გამოთქმული რეკომენდაციები და წინადადებები, მას შემდეგ, რაც კომიტეტში გააანალიზებენ, რეაგირებისთვის მთავრობას და სამინისტროს გადაეგზავნება.

მსგავსი თემები