“ქართული ოცნება” ვენეციის კომისიას მიკერძოებულს უწოდებს და მის დასკვნას პასუხობს

„ქართულ ოცნებაში“  ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურნენ. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, კომისიამ თავის დასკვნაში ცრუ ინფორმაცია ასახა.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ვენეციის კომისიის დასკვნას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით, რომელზეც რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ იმედებს ამყარებენ. ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს. ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით, როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას, რაც კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციას კიდევ უფრო ახალისებს. ამდენად, გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს“, –  აცხადებენ მმართველ გუნდში.

მათივე თქმით, სიცრუე დასკვნის პირველ პარაგრაფშივეა.

„დასკვნის პირველივე პარაგრაფი ცრუ ფაქტობრივ ინფორმაციას შეიცავს: კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონის საბოლოო ტექსტი მასში შეტანილი დამატებითი ცვლილებებით დაუყოვნებლივ არ გასაჯაროებულა. ამ ინფორმაციის გახმოვანებისას ვენეციის კომისია ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტ-სტატიას ეყრდნობა. სინამდვილეში კი, აღნიშნული დაზუსტებები კანონპროექტში შევიტანეთ მისი მეორე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვა-სიტყვით გაჟღერდა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა” – განმარტავენ “ქართულ ოცნებაში”.

 

 

 

მსგავსი თემები