აშშ-მა რამდენიმე რუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო

აშშ-მა რამდენიმე რუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სასანქციო სიაში შევიდნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ინტერესებით მოქმედებენ და საოკუპაციო რეჟიმს ადგილზე გამაგრებაში ეხმარებიან.

კერძოდ, საუბარია ალექსეი კუდრინზე – რუსეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრზე და ამჟამად რუსული კომპანია “იანდექსის” კორპორატიული განვითარების მრჩეველზე, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული პუტინთან. ასევე, პაველ მარინიჩევზე – ალმასის მომპოვებელი კომპანია “ალროსის” გენერალურ დირექტორზე, რომლის მაჟორიტარული აქციონერი რუსეთის ფედერაციაა.

სასანქციო სიაში, ასევე, მოხვდნენ ილია ტოროსოვი და ალექსეი ხერსონცევი (ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები); ვასილი ოსმაკოვი (მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე); პაველ სნიკკარსი და პაველ სოროკინი (ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები); ლეონიდ გორინი (ფინანსთა მინისტრის მოადგილე); სერგეი კოროლიოვი (უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე) და ვასილი ანტოხინი (სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი).

არსებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები შემოიღო რუსეთის მოქალაქე ვალერი ჩეკალოვისა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქის იონგ ჰიოკ რიმის წინააღმდეგ, რომლებიც “ვაგნერის” დაჯგუფების დამფუძნებლებთან, ევგენი პრიგოჟინთან არიან დაკავშირებულნი და უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის მიწოდებაში ეხმარებოდნენ.

მსგავსი თემები