3 ივლისს ,,ნაციონალური მოძრაობა” იუსტიციის სამინისტროსთან აქციას აანონსებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ორშაბათს, 3 ივლისს იუსტიციის სახლთან აქციას აანონსებს. პარტიაში ამბობენ, რომ იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმებს ამ დრომდე არ უშვებს.

გიორგი ჩალაძის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ისინი მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს ევროკავშირის მოთხოვნის, ევროკავშირის დემარშის პირობების შესრულება, რომელიც იუსტიციის მინისტრს მიმდინარე წლის 27 თებერვალს გადაეცა.

„ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრთან ევროკავშირის და შვედეთის ელჩებმა პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხზე გადასცეს დემარში და შეთანხმებული იქნა ევროკავშირის სამედიცინო მისია, რომელიც დაკომპლექტდებოდა პოლონელი ექიმებით, რომ ჩამოსულიყვნენ, შეეფასებინათ და ჩართულიყვნენ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხში. მას შემდეგ ჩვენ ვიხილეთ ე.წ.პრემიერ მინისტრის და ე.წ. იუსტიციის მინისტრის საჯარო ტყუილი და ფუჭი დაპირება, რომ ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაუშვებდნენ, პირიქით, გულზე მჯიღს იცემდნენ, ამბობდნენ ჩამოვიდნენ და დარწმუნდნენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კარგად არისო. დღემდე ეს სამედიცინო მისია საქართველოში ვერ ჩამოვიდა. ტყუილების ესტაკადა მიმდინარეობდა იუსტიციის მინისტრის პირადი ჩართულობით, მოკლეფეხება ტყუილი ვუწოდეთ ჩვენ მას, როცა გამოვიდა ა თქვა, თითქოს არ იყო გაგზავნილი წერილი და შემდეგ პატარა ბავშვივით ე.წ. იუსტიციის მინისტრმა საათების დაკონკრეტებაზე იმართლა თავი. დღეს გვაქვს შემდეგ სიტუაცია – პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხში ჩასართავად ჩამოსასვლელი ევროკავშირის მისიის სამედიცინო მისია სრულიად დაკომპლექტებულია და მზად არის გამოსაფრენად. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სერტიფიკატი არის მიღებული, გაგზავნილია შესაბამის შეტყობინებები ყველა სამინისტროში, მაგრამ გუშინ აღმოჩნდა, რომ თურმე ახლა საჭიროა „ვივამედის“ თანხმობა, რომ ეს მისია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხში ჩაერთოს. მეგობრებო, ეს არის რეალური უარი ევროკავშირისთვის, ეს არის უარი ჩვენი მოსახლეობის და პრეზიდენტ სააკაშვილისთვის.

ეს არის ტყუილების გაგრძელება, ეს არის გულდაწყვეტილი მთავრობის რეაქცია, რომელსაც ძალიან სწყინს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ვერ მოკლა იმ მძიმე მოწამვლის და არაადამიანური მოპყრობის შედეგად, რომელიც დღეს რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. ის არის სამხედრო ტყვე. ამიტომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აანონსებს ორშაბათს, 12:00 საათზე იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მოთხოვნით – უზრუნველყონ ევროკავშირის მოთხოვნის, ევროკავშირის დემარშის პირობების შესრულება, რომელიც იუსტიციის მინისტრს მიმდინარე წლის 27 თებერვალს გადაეცა”, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

მსგავსი თემები