ლავროვის განცხადებით, აშშ-ის დაზვერვას „ვაგნერის“ ამბოხების შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა

კარძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ამბოხის შესახებ რუსეთის  საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირველ შეფასებას აკეთებს და ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიანიშნებს. როგორც სერგეი ლავროვი აცხადებს, ამერიკამ წინასწარ იცოდა „ვაგნერელების“ ამბოხის შესახებ.

„კოლექტიური დასავლეთის ურთიერთობები ჩვენთან მისი ინიციატივით ნადგურდება, ეს ურთიერთობები არ არსებობს. შესაბამისად, ერთი ეპიზოდით მეტი თუ ერთით ნაკლები, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ… მოვისმინე, თუ როგორ შუქდება მოვლენები დასავლეთში. კერძოდ, CNN-ზე თქვეს, რომ ამერიკულმა დაზვერვამ რამდენიმე დღის წინ იცოდა მოახლოებული ამბოხის შესახებ, მაგრამ გადაწყვიტა, არავისთვის ეთქვა ამის შესახებ. როგორც ჩანს, იმ იმედით, რომ ამბოხი წარმატებას მიაღწევდა“, – განაცხადა სერგეი  ლავროვმა.

მან ამერიკასთან ერთად, საფრანგეთიც ახსენა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ სიტუაციაში რუსეთის სტრატეგიული დამარცხების შანსი დაინახა. მან მაკრონი  მოსკოვის წინააღმდეგ მომუშავე „ერთიანი მანქანის ნაწილად“ მოიხსენია.

„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ აშშ-ის მიდგომა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სჭირდება შეერთებულ შტატებს ამ კონკრეტულ ეტაპზე ამა თუ იმ გარე მოთამაშისგან, იქნება ეს საერთაშორისო ასპარეზზე თუ კონკრეტულ ქვეყანაში“, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები