ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ნათია თურნავა შეასრულებს

ეროვნულ ბანკში დღეს საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩიეს, რომელიც თავის მხრივ, პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს და შესაბამისად, დროებით, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც იქნება.

ნათია თურნავას კანდიდატურას საბჭოს შვიდი წევრიდან ხუთმა დაუჭირა მხარი, ორმა თავი შეიკავა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებდა, ეს კი მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 2 მარტს კობა გვენეტაძეს შვიდწლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის და პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, შემოვიდა ახალი აღმასრულებელი თანამდებობა – პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გათავისუფლებულია თანამდებობიდან – ეროვნული ბანკის საბჭოს არანაკლებს 2 წევრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

მსგავსი თემები