მეგობარი ქალი ცემით მოკლა და მისი ნივთები წაიღო – სასამართლომ ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ნაფიცმა მსჯულებმა ანგარებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც ანგარებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა.

,,სასამართლო პროცესზე დადგინდა შემდეგი: ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, მისი მეგობარი ქალი ბინაში რამდენიმე ათას ლარს ინახავდა. თანხის დაუფლების მიზნით ბრალდებული დაუკავშირდა დაზარალებულს და მის საცხოვრებელ სახლში შეხვედრაზე შეუთანხმდა, სადაც მსხვერპლი ცემით მოკლა და მისი ნივთები წაიღო.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ ქალის მოკვლას და მისი ნივთების დაუფლებას ადასტურებდა.

ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით (ანგარებით ჩადენილი განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

მსგავსი თემები