„არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს ეუბნებიან, რომ დამატებითი  თანხა უნდა გადაიხადოს ან სახელმწიფო პროგრამიდან გავიდეს“ – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის – თამარ გაბუნიას განცხადებით,  კლინიკები პაციენტებს ზედმეტ თანხას სთხოვენ. როგორც გაბუნია განმარტავს, ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ასეთი შემთხვევების გამოვლენა და დაუყოვნებლივ აღსრულებაა.

„სამედიცინო დაწესებულებებისთვის ანაზღაურების DRG მეთოდის ამოქმედების შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობს სისტემის მონიტორინგი. ასეთ დროს, შესაძლებელია, კლინიკამ ზედმეტად გამოიყენოს გარკვეული კოდები, რომელსაც თან ახლავს, შედარებით, მაღალი ანაზღაურება. მონიტორინგისას, როდესაც სამედიცინო დაწესებულებებს ერთმანეთს ვადარებთ, ვნახულობთ, რომ საშუალო შესაძლებლობების კლინიკაში, რომელიც ვერ უნდა მართავდეს ძალიან რთულ შემთხვევებს და წარსულში არც არასოდეს ჰქონია ასეთი პრაქტიკა, DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ, ბევრად მეტი რთული შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე ძალიან განვითარებულ, მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში. ეს არ არის ერთი და ორი შემთხვევა, DRG სისტემის მუდმივმა მონიტორინგმა, ასეთი პრობლემები ზედაპირზე ამოიტანა. ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ასეთი შემთხვევების გამოვლენა და დაუყოვნებლივ აღსრულებაა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობისას, პაციენტმა, განსაკუთრებული სერვისისთვის, ზედმეტი თანხა, არ უნდა გადაიხადოს, გარდა თანადაფინანსების წილისა.

„არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს ეუბნებიან, რომ დამატებით გარკვეული თანხა უნდა გადაიხადოს, ან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამიდან გავიდეს. მსგავსი შემთხვევა არაერთ მოქალაქეს ჰქონია. ეს ყველაფერი, სისტემური მონიტორინგისას, მარტივად ჩანს. ახალი კანონპროექტის დაუყოვნებელი აღსრულების მექანიზმი, DRG სისტემის მონიტორინგისას გამოვლენილ გადაცდომებზე სწრაფი რეაგირებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

მსგავსი თემები