,,ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ, შევიწყალო თუ არა”- პრეზიდენტი გვარამიაზე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რაც ნაკლებია გარედან ზეწოლა, მით უკეთესია შეწყალებისთვის.

„ერთადერთი, როგორც ჩანს, არის ის, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია ზეწოლის ქვეშ შეწყალება, რადგან მასზე, შესაძლოა, ზეწოლა მოახდინონ შიგნიდან და მე ამის შესახებ ვისაუბრე ევროპარლამენტში. დღევანდელი დღის მდგომარეობით, ჩვენ, ვფიქრობ, სამი ათასი პატიმარი გვყავს. მათი ოჯახებიდან, მეგობრებიდან ან გავლენის ჯგუფებიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ზეწოლის დაწყება. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ჩემზეა. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ მის შესაბამისად. მე საკუთარ თავზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როდესაც გადავწყვეტ, გავაკეთო ეს თუ არა. თუმცა, რაც ნაკლებია გარედან ზეწოლა, მით უკეთესია შეწყალებისთვის. ხელისუფლებაზე ზეწოლა, პასუხის მოთხოვნა – ეს სხვა საქმეა. თუმცა, შეწყალების დისკრეციული უფლებამოსილება ნებისმიერი ქვეყნისთვის, იქნება ის პატარა თუ დიდი, გამოყენებული კამპანიის მასშტაბების მიუხედავად, ვერ იქნება ზეწოლის საგანი.

მე თავად ვიყავი ძალიან არაგონივრული სიტყვების სამიზნე ამ ჟურნალისტის მხრიდან, რომელიც იყო არა მხოლოდ ჟურნალისტი. ის ასევე სხვადასხვა დროს იყო პროკურორი და არა ის პროკურორი, რომელიც ნამდვილ მართლმსაჯულებას ახორციელებდა. თუმცა, ადამიანები პასუხს აგებენ მხოლოდ იმისთვის, რისთვისაც ისინი გაასამართლეს. მიმაჩნია, რომ შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება – ეს ერთადერთი უფლებაა, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები