რეგულირების სააგენტოს კლინიკების შემოწმება, დოკუმენტაციის ამოღება თუ დალუქვა ნებისმიერ დროს შეეძლება

მომავალი კვირიდან, საკანონმდებლო ორგანოში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა იწყება. ცვლილებების მიხედვით, რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციები იზრდება.

როგორც ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, რეგულირების სააგენტოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე უნდა შეეძლოს ნებისმიერ დროს სამედიცინო დაწესებულებებში შესვლა და შემოწმება. საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ მოამზადა და პარლამენტი მას დაჩქარებული წესით განიხილავს.

ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის და ამოღების უფლებამოსილებები ექნება. მაკონტროლებელს ასევე შეეძლება,  ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გამოიყენოს, რომლის ფორმას, შევსებისა და წარდგენის წესს ჯანდაცვის მინისტრი დაამტკიცებს.

რეგულირების სააგენტოს, ასევე, უფლება ექნება, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს საქმიანობის უფლება შეუჩეროს. გარდა აღნიშნულისა, იზრდება სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციები.

როგორც ჯანდაცვის მისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, ადრე, სასამართლო ნებართვების შემდეგ ხდებოდა სამედიცინო დაწესებულებების შემოწმება, რაც დროში პრობლემებს ქმნიდა.

მსგავსი თემები