„საქართველო არათუ ახლა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არამედ შარშან, ივნისშიც იმსახურებდა“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ყველა გაიაზრებს და გააცნობიერებს საკუთარ შეცდომებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველო არათუ ახლა,  შარშანაც იმსახურებდა კანდიდატის  სტატუსს.

„დღევანდელმა სხდომამ გვაჩვენა, რატომ არ არის ჩვენი განწყობები ბოლომდე ოპტიმისტური. სხდომაზე ვნახეთ ევროპარლამენტის თუ ბიუროკრატიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ცალმხრივი, დეზინფორმაციის შემცველი, დამახინჯებული ფაქტებით, კონტექსტიდან ამოგდებული ციტატების წარმოდგენით და ა.შ. მიდგომები, რომელსაც დიდი ხანია, ვაკვირდებით. ჩვენ ეს არაობიექტურობა გვაფიქრებინებს, რა არის ამის უკან მოტივაცია. საქართველოს სტატუსი როცა არ მიენიჭა, შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის  სხდომასთან დაკავშირებით.

მისივე შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებით დამოკიდებულება ზედაპირულია.

„საქართველო ობიექტურად არათუ ახლა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არამედ შარშან, ივნისშიც იმსახურებდა.  სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულებების გამო, როგორიც არის ზედაპირული, სათაურის იქით რომ არ მიდის ფიქრი, განსჯა, ხდება გარკვეული გადაწყვეტილების მიღება. იმედი გვაქვს, ვისაც ასეთი დამოკიდებულება აქვს, ყველა გაიაზრებს და გააცნობიერებს, მათ შორის საკუთარ შეცდომებს“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მსგავსი თემები