ოკუპანტების ტყვეობაში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტებს, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს 7 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული. როგორც უწყებაში აცხადებენ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ყოველწლიურად აკავებენ უკანონოდ ადამიანებს და სამწუხაროდ, ვერც ერთ ეტაპზე ვერ შეძლო ხელისუფლებამ, რომ სრულად აღეკვეთა აღნიშნული.

“მოგეხსნებათ, უკანონო დაკავებები არის ძალიან მავნე პრაქტიკა დამკვიდრებული რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ეს ხდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ყოველწლიურად აკავებენ უკანონოდ ადამიანებს და სამწუხაროდ, ვერც ერთ ეტაპზე ვერ შეძლო ხელისუფლებამ, რომ სრულად აღეკვეთა ეს, რადგან ეს 2008 წლის შემდეგ დამდგარი ოკუპაციის შედეგია.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებულნი, ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა, რომ უკანონოდ დაკავების მომენტიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შსს- ის წარმომადგენლებთან ერთად არის მუდმივ კონტაქტზე ოჯახებთან, ასევე ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით ხდება ამ ადამიანების გათავისუფლების მიმართულებით მუშაობა. სამწუხაროდ, ცხელი ხაზის გააქტიურება, IPRM- ზე საკითხის გაჟღერება და ჟენევაზე ამ თემებზე საუბარი ისეა წარმოჩენილი, თითქოს ეს რუტინული პროცესია და ამის მეტი კიდევ რამე უნდა გაკეთდეს. პირველ რიგში, ამის მეტიც კეთდება, მაგრამ ეს არის ის ძირითადი ბერკეტები და ინსტრუმენტები, რომლითაც რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიყვანეთ უკანონო პატიმრობიდან და რომლის დახმარებითაც გამოვიყვანეთ უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძე.

რაოდენობრივად, 7 ადამიანი იმყოფება უკანონო პატიმრობაში. უკანონო დაკავების და იმ ადამიანების შესახებ ვინც უკანონო პატიმრობაშია, ინფორმაციის გავრცელება ხდება უკანონოდ დაკავებულების და მათი ოჯახის წევრების ინტერესების გათვალისწინებით და არა რომელიმე გარეშე პირის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რადგან, ზოგ შემთხვევაში უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება დააზიანოს უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლების პროცესი. ამ ეტაპზე მოგახსენებთ ცალსახად, რომ უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 7 მოქალაქე,”-

აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი.

 

მსგავსი თემები