აქტივისტი ნატა ფერაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს

19 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ანტირუსული აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნატა ფერაძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. როგორც ფერაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ გადაწყვეტილებას სიმართლესა და სამართლიანობასთან კავშირი არ აქვს და ეს არის „ფულის გამოძალვის ქარხანა“.

„რა შენობასთანაც ვდგავართ, ამას ჰქვია სასამართლო, მაგრამ ეს არის მოსახლეობისთვის ფულის გამოძალვის ქარხანა. აქ სხედან ბიძინას ზებრა მოსამართლეები და ზუსტად ასე მივმართე მოსამართლეს. აქტივისტებს ფინანსური წნეხით გვაშინებენ, რომ აღარ ვიაქტიუროთ“ – აღნიშნა ფერაძემ მედიასთან.

მან სოციალურ ქსელში საკუთარი საბანკო ანგარიშიც გამოაქვეყნა, აღნიშნა, რომ არანაირი ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს და აქტივისტებს დახმარებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ფერაძე სწორედ იმ აქციაში ღებულობდა მონაწილეობას, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის პირველ პირდაპირ ფრენას ეხებოდა.

მსგავსი თემები