,,უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც, როცა მის პრესტიჟს თავად პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს”- ”ქართული ოცნება”

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად უნდა შევიკავოთ თავი, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცახდებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტის მხრიდან სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები, რომლებიც უარყოფითად აღიქმება და ფასდება, საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელმაც მას, პარტიის მოწოდების საფუძველზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი.

,,მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად უნდა შევიკავოთ თავი. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მხრივ ხელი არ შევუწყოთ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, არავის მივცეთ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება. ჩვენ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კარგავს ლეგიტიმაციას საზოგადოების იმ ნაწილის თვალში, რომელმაც მას 2018 წლის არჩევნებში დაუჭირა მხარი და ვერც საზოგადოების იმ ნაწილში იძენს ლეგიტიმაციას, რომელიც მას 2018 წელს მოღალატედ და რეზიდენტად აცხადებდა, ჩვენი ვალია, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების დარჩენილი წელიწადნახევრის მანძილზე შევუნარჩუნოთ თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამითაც არის ნაკარნახევი ჩვენი გადაწყვეტილება, არ შევიდეთ პოლემიკაში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან.

დასასრულს, გამოვთქვამთ იმედს, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ქართული საზოგადოების უმრავლესობასთან კიდევ უფრო მძაფრ კონფრონტაციაში არ შევა. „ქართული ოცნება“ მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს, ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები