,,12-პუნქტიან რეკომენდაციაში ერთ-ერთი პუნქტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება, გაუგებარია, რა არის ამ საკითხში სადავო”- ნიკა მელია

,,ქალთა მიმართ ძალადობა დაუშვებელი და მიუღებელია, მეტიც შეუთავსებელია ჩვენს კულტურასთან, ისტორიულ წარსულთან – ამ ქვეყანაში ქალებზე არათუ არ ძალადობდნენ, ქალები წარმოადგენდნენ ძალადობის შემაჩერებელ ძალას” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

“სამწუხაროდ, პრაქტიკულად ყოველდღიურად ძალადობენ ქალებზე. ხან სიტყვებიც არ მყოფნის, ან რა უნდა თქვა, როდესაც ქალებს ჩაგრავენ, ან მით უმეტეს მაშინ, როდესაც კლავენ მათ. რა უნდა უწოდო იმ „კაცს“, რომელიც ძალადობს და ჩაგრავს ქალს ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად?! ქალთა მიმართ ძალადობა დაუშვებელი და მიუღებელია, მეტიც შეუთავსებელია ჩვენს კულტურასთან, ისტორიულ წარსულთან – ამ ქვეყანაში ქალებზე არათუ არ ძალადობდნენ, ქალები წარმოადგენდნენ ძალადობის შემაჩერებელ ძალას – დაპირისპირებულ მხარეები ჩერდებოდნენ, როცა მათ შორის ჩნდებოდა ქალი მანდილით. ევროკომისიის 12 -პუნქტიან რეკომენდაციაში ერთ-ერთი პუნქტი ეხება სწორედ გენდერულ თანასწორობას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. სრულიად გაუგებარია, რა არის ამ საკითხში მაინც სადავო, რატომ ვერ უნდა ვთანხმდებოდეთ? ერთადერთი მიზეზი არის ნების არარსებობა! ჩემი პატივისცემა ყველა ორგანიზაციას და ადამიანს, ვინც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ იბრძვის! ჩემი თანადგომა ყველა ქალს, რომელზედაც ძალადობენ, ჩაგრავენ და ავიწროებენ”, – წერს ნიკა მელია.

მსგავსი თემები