„ისეთი არაფერი ჩამიდენია ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რისიც უნდა მრცხვენოდეს“ – ლევან მურუსიძე

სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ ცხოვრების მანძილზე, სამარცხვინო არაფერი აქვს ჩადენილი. მისი თქმით, ის ძალიან მშვიდად და წყნარად არის, რადგან სუფთა და პირნათელია.

„არა არს რა დაფარული, რაცა არა გაცხადდესო, ხომ არის ნათქვამი და ვნახოთ. მე ძალიან მშვიდად ვარ და ძალიან წყნარად. არაფერი ისეთი არ ჩამიდენია ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რისიც უნდა მრცხვენოდეს და შესაბამისად არც ისეთი, რაშიც დანაშაულის ნიშნები შეიძლება, იყოს“, – აცხადებს ლევან მურუსიძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით.

სოსო გოგაშვილის ბრალდებებზე მურუსიძე არ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს თემა მისთვის მტკივნეულია.

„ამ თემაზე ვეღარ ვილაპარაკებ. იმიტომ, რომ ჩემთვის პიროვნულად ძალიან ძნელია ლაპარაკი ადამიანზე, რომელთანაც მეგობრობა მაკავშირებდა და აღარ მინდა. ზოგადად, ძალიან განვიცადე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოსვლა რომ მომიწია ამასთან დაკავშირებით. ადამიანურად ძალიან განვიცდი და ეს იმდენად პიროვნულია, მერწმუნეთ, აბსოლუტურად არ ეხება სასამართლო სისტემას და მგონი, არ არის საინტერესო ჩვენი მაყურებლისთვის“, – განაცხადა მურუსიძემ.

შეგახსენებთ, რომ გოგაშვილის განცხადებით, მურუსიძე ივანიშვილთან იყო გარიგებული და „ოცნების“ სასარგებლოდ დავების გადაწყვეტის ნაწილში, მასთან ერთად, მთავარი პირი იყო მურუსიძე.

 

მსგავსი თემები