„ასე ამბობდნენ – მურუსიძე, მურუსიძე. გიგაური ეკა ჩემთან მოვიდა და მემორანდუმი გამიფორმა“ – ლევან მურუსიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე სასტიკად ნაწამებ და მოკლულ სანდრო გირგვლიანის თემასაც იხსენებს და იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებმაც კანონმდებლობა სამ კვირაში გირგვლიანის საქმის გამო შეცვალეს.

„მაკრიტიკებენ ადამიანები, რომლებმაც გირგვლიანთან დაკავშირებით სამ კვირაში მიიღეს კანონები. მაშინ, საქართველოს პარლამენტმა სამ კვირაში მიიღო ცვლილებები, რომელიც პირადად გირგვლიანის საქმის გამო მოხდა. იმ დეპუტატებიდან ზოგიერთი შეიძლება, ახლანდელ პარლამენტშიც იყოს. ადამიანები, რომლებიც მე მაკრიტიკებენ და, რომლებმაც გირგვლიანთან დაკავშირებით მიიღეს აღნიშნული კანონები, ერთმანეთთან კარგად ლაპარაკობენ. საბოლოო ჯამში, გულის სიღრმეში ყველამ იცის, რომ მე კანონიერი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული“, – განაცხადა მურუსიძემ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მურუსიძის გვარი არავის ახსოვდა და რატომღაც, მერე გაახსენდათ.

„ამბობდნენ – მურუსიძემურუსიძე. გიგაური ეკა ჩემთან მოვიდა და მემორანდუმი გამიფორმა, როგორც საბჭოს მდივანს. მითხრა, ბატონო ლევან, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან მემორანდუმის გაფორმებაო. მაშინ არავის არ ახსოვდა გირგვლიანის საქმე. 2013 წელს, როდესაც მე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გავხდი, ამაზე ჩემთვის პრეტენზია არავის წამოუყენებია. არასამთავრობო სექტორი თანამშრომლობას აპირებდა. ხომ გითხარით, საბჭოს მდივანი რომ გავხდი, არავის არ ახსოვდა ჩემი გვარი. მერე, 2014 წლიდან რომ დაიწყეს, დღემდე მოდის და მოდის.  ეს გირგვლიანის გამო არ მომხდარა. ადამიანებს, რომლებმაც სამ კვირაში შეცვალეს სისხლის სამართლის კოდექსი, მე რომ პატარა ნაბიჯი გადამედგა და უკანონობა ჩამედინა, არ გაუჭირდებოდათ უფლებამოსილების გადამეტებაში პასუხისგებაში მიეცათ ჩემი თავი“ – განმარტავს მურუსიძე.

 

მსგავსი თემები