„არ შევხვედრივარ, მაგრამ ვთქვათ, შევხვდი, დანაშაულია?“, – შს მინისტრი სპეცსამსახურებთან შეხვედრის ბრალდებაზე   

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სოსო გოგაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით თუ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ის მზად არის, კითხვებს პასუხები გასცეს.

„საგამოძიებო კომისია თუ შეიქმნება, შეიქმნას, მივალ და პასუხებს გავცემ. თუმცა, მათ ვუსვამ კითხვას, თუნდაც შევხვდი ფარულად და ფარულად ბევრს შევხვედრივარ, ვგულისხმობ, იმას, რომ ტელევიზიის წინაშე არ გაგვიპიარებია შეხვედრა. შევხვედრივარ ვთქვათ, ისრაელის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვადასხვა ქვეყნის სამსახურის წარმომადგენლებს, ეს დანაშაულია? ომის დროს ხვდებიან სპეცსამსახურები და ლაპარაკობენ, რომელიც ღიად არ გამოდის. ეს ძალიან კარგად იციან ჩემმა წინამორბედებმაც, ძველმა მთავრობის ხელმძღვანელებმაც. ვთქვათ, შევხვდი, რომელი მუხლი დავარღვიე, რას იკვლევენ? არ შევხვედრივარ, მაგრამ ვთქვათ, შევხვდი, დანაშაულია?“, – კითხულობს ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, გომელაურის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი შს მინისტრს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და გარკვეულ გარიგებებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მტკიცებულებებიც არსებობს. ოპოზიცია კი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

შს მინისტრის მტკიცებით, ის ვლადიკავკაზში არ გადასულა და ვერც ვერანაირი ვიდეომტკიცებულება დაიდება

მსგავსი თემები