„ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ“ – პრეზიდენტი

ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ. ეს არის ჩემი დასკვნა ამ სამი წლის თავზე, რაც ჩემი საპრეზიდენტო მანდატი გავიდა და კიდევ სამი წელი რჩება“ – აღნიშნული გზავნილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის.

პრეზიდენტი უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ისტორიის ვერც ერთ ფურცელზე მოხდა შეთანხმება.

„ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 30 წელს და რეალურად, უკან თუ გავიხედავთ, ამ ისტორიის არც ერთ ფურცელზე არ ვართ შეთანხმებული… ერთ-ერთ საპარლამენტო სიტყვაში ვთქვი, რომ საზოგადოება დაიღალა და ორი თემა არის რეალურად, საზოგადოებაში – „რა გვეშველება“ არის ერთი თემა და რამ უნდა გვიშველოს… მგონი, რამე თუ არ ვიღონეთ და ვიარეთ ამ ერთ რაღაც ჯადოსნურ წრეზე, ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ. ეს არის ჩემი დასკვნა ამ სამი წლის თავზე, რაც ჩემი საპრეზიდენტო მანდატი გავიდა და კიდევ სამი წელი რჩება,“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მისი დასკვნით, ქვეყანაში დაპირისპირება გროვდება.

„ეს დაპირისპირება, რომელიც გროვდება ჩვენს ქვეყანაში, რაღაცნაირად უნდა გადავიდეს საქმიან ურთიერთობაში. ეს არ იქნება რაღაც ჯადოსნური ერთიანობა, რომელიც ერთ დღეში შეიქმნება. ეს არ არის რაღაც პოლიტიკური პარტიების შერიგება, ეს არ არის ჩემი პროცესი და ჩემი ინიციატივა. ეს არის ჩემი დაწყებული პროცესი, ჩემი ინიცირებული პროცესი, მაგრამ ეს იქნება საზოგადოებრივი პროცესი, რომელშიც ყველა უნდა იყოს ჩართული და რომლის ფორმა იქნება თვით საზოგადოების მიერ შექმნილი და თემებიც წარმოიშვება საზოგადოებიდან. ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 30 წელს და რეალურად, უკან თუ გავიხედავთ, არაფერზე არ ვართ შეთანხმებული, არც ერთ ფურცელზე ამ ისტორიის და ეს ნიშნავს რას, რომ ყოველ ოჯახში არსებობს იმ ოჯახის ისტორია, იმ ოჯახის ახსნა-განმარტება ამ ფურცლების; ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდებით დღევანდელ დღეზე და მომავალზე, ჩვენი დაპირისპირება გროვდება სხვადასხვა შრეებად ამ სხვადასხვა პერიოდის მანძილზე და ჩაბეტონებულია“ – განმარტავს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები