პოლიციელის მიერ “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერის ცემის ფაქტი არ დასტურდება 

პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გივი ქველაძემ, საჯარო სივრცეში განცხადებით ბრალი დასდო მარნეულის შს რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებს ძალადობის განხორციელებაში. კერძოდ განაცხადა, რომ 23 ნოემბერს, პოლიციელებმა პოლიტიკური ნიშნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კ.კ.-ს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო გამოძიება. დაუკავშირდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გივი ქველაძეს, რომელმაც გადატვირთული გრაფიკის გამო უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. გამოძიებამ გამოკითხა კ.კ.-ს მკურნალი ექიმი, რომელმაც განმარტა, რომ საავადმყოფოში შეყვანილ კ.კ.-ს სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა. იგი საავადმყოფოდან გაწერეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ შემთხვევის ადგილიდან ამოიღო ვიდეოჩანაწერები, რომელთა დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ გივი ქველაძის საჯარო განცხადებები არ დასტურდება და კ.კ.-ს მიმართ რაიმე სახის ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

“რაც შეეხება უშუალოდ კ.კ.-ს , მასთან დაკავშირება და შესაბამისად გასაუბრება ამ დროისთვის ვერ ხერხდება, ხოლო თავად გივი ქველაძე აცხადებს, რომ იგი კ.კ.-ს არ იცნობს და მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ აქვს ინფორმაცია”, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი მოქალაქის პოლიცელების მიერ ცემასთან დაკავშირებით სიუჟეტი დღეს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გავიდა. ჟურნალისტთან საუბარში დაზარალებული კ.კ ამბობს, რომ მას პოლიციელებმა მას შემდეგ სცემეს, რაც გაიგეს, რომ იგი არჩევნებში ხმის მიცემას პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძისთვის აპირებს.

მსგავსი თემები