პროკურატურამ, ბიზნესმენ, ტელეკომპანია “იმედის” დამფუძნებლის, საქართველოს პრეზდენტობის ყოფილი კანდიდატის, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, 2016 წელს მოპოვებული ორი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა. აუდიოჩანაწერის თანახმად, კუდ-ის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე (მასტერა) ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს ესაუბრება და მის გადაბირებას ცდილობს. დგებუაძე ინტერესდება ვინ არიან მზარეულები და როგორია დაცვის სისტემა.
„გადაწყვეტილია სააკაშვილის დონეზე. ჩათვალე, რომ ეგ სამსახური შენ გაქ დროებით. სამსახურზე მე ვიზრუნებ შენზე, კაი ხელფასიანი სამსახური და კმაყოფილი იქნები. მთავარი ის არი, შენ რას შეძლებ შიგნით, რა ინფორმაციის გამოტანას, ან რის გაკეთებას. პირველ რიგში მაინტერესებს „პოვრები“, ვინ არიან ისინი და დაცვის სისტემა მთლიანად, მერე შეგხვდები“, – ეუბნება ჩანაწერის მიხედვით დგებუაძე დაცვის თანამშრომელს.
დგებუაძე ბიზნესმენის დაცვის თანამშრომლებს ურჩევს შანსი არ გაუშვას, რადგან მკვლელობა მაინც განხორციელდება. ჩანაწერში ახსენებს ოქროყანას:”განლაგება დაცვის, კამერები, სათვალთვალო, სად აყენია. ყველაფერი და შესვლა როგორ შეიძლება შიგნით, ოქროყანაში. ოღონდ, დეტალურად ეს ყველაფერი. შენ რომ მოინდომო, როგორ შეხვალ შიგნით“, – ამბობს დგებუაძე.
დაცვის თანამშრომლის კითხვაზე, საქმე რომ „გასკდეს“ რა მოხდება, დგებუაძე პასუხობს:
„სახელმწიფო ვართ ჩვენ. ვინ ჩემი ყ… ბადრი ბიჭო. ჩვენ ვართ – შს სამინისტრო, გენპროკურატურა, პრეზიდენტი, ხელისუფლება. ჩვენ ვართ და ჩვენ ვწყვეტთ ახლა. ეს სერიოზული საქმეა და სერიოზულ დონეზეა მიღებული გადაწყვეტილება. ამიტომ, ეგ გადაწყვეტილება შესრულდება როცა იქნება, როგორც იქნება. შენ ვინ გგონია ბიჭო თქვენი სამსახური ტო? ეს რუსები იყვნენ აქ და სანამ ეს აქ შტაბი ქონდათ, მანამდე კიდე რაღაცას წარმოადგენდნენ და ახლა ვინ არიან, ჩვენი დაცვის პოლიციელები არიან, ვინ არიან სხვა?! პრეზიდენტის ბრძანებას გადაახტება ვინმე?“, – ამბობს „მასტერა“.
პროკურატურის ინფორმაციით, მეორე ჩანაწერში ასახულია ე.წ. მოდულის შენობაში გამართული თათბირი, თუ ამჟამად ბრალდებულები ლევან ქარდავა, რევაზ შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი როგორ განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას. ჩანაწერში საუბარია დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვების და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებზე.
ჩანაწერების მიხედვით, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები მსჯელობენ მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, პატარკაციშვილის მოწამვლაზე, რაც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს. გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, საუბრის დროს ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაბამისი მეთოდები თანხმდება კუდ-ის იმდროინდელ ხელმძღვანელ დათა ახალაიასთან.
პროკურატურის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერები, რომლებიც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით გასაჯაროვდა, 2016 წლის დეკემბერშია მოპოვებული და ისინი ერთ-ერთი ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.
“ათეულობით ფაილია ამოღებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს. თითოეულ ფაილს სჭირდებოდა შესწავლა და ექსპერტიზა. გარდა ამისა, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიები მოქმედება და როდესაც გამოძიება მივიდა იმ სტანდარტამდე, რომ შესაძლებელი იყო ბრალის წარდგენა, ჩვენ ბრალი წარვუდგინეთ ამ პირებს, მოვითხოვეთ აღკვეთის ღონისძიება და საზოგადოებასაც ვაცნობეთ ეს ინფორმაცია”, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები.